ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანის გამოსავლენად, რომელიც გამოქვეყნდა 2010-2014 წლებში.
კონკურსში გამარჯვებულის შერჩევისას ყურადღება მიექცევა ორ ფაქტორს:
- თარგმანის ხარისხი: რამდენად ზუსტად და ადეკვატურად არის გადმოტანილი ქართულ ენაზე ნაწარმოების ენობრივი ქსოვილი, რამდენად ახერხებს მთარგმნელი შექმნას იმ ნაწარმოების ქართული ეკვივალენტი, რომელიც უცხოენოვანი ლიტერატურის კონტექსტში დაიწერა;
- ორიგინალის კულტურული ღირებულება: რამდენად მნიშვნელოვანი და გავლენიანია თარგმნილი რომანი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში.
გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან და რომლის შემადგენლობაც კონფიდენციალური იქნება.
რაც შეეხება 2014 წელს გამოქვეყნებულ ორიგინალურ ქართულ რომანებს, ისინი განხილულ იქნებიან კონკურსში, რომელიც 2015 წლის ბოლოს გამოცხადდება, მომავალი წლის ნაწარმოებებთან ერთად.
კონკურსის პირობები
- თარგმნილი რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2010-იდან 2014 წლის ჩათვლით;
2. რომანი ქართულად თარგმნილი უნდა იყოს ორიგინალის ენიდან;
3. რომანს განმსაზღვრელი გავლენა უნდა ჰქონდეს მოხდენილი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესზე;
4. წიგნი უნდა წარადგინოს ან გამომცემლობამ, ან – მთარგმნელმა. ჯილდო გადაეცემა მთარგმნელს;
5. განაცხადის შემოტანა შეიძლება 2015 წლის 5 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი;
6. გამარჯვებული გამოცხადდება 2015 წლის მარტში;
7. გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია, რომლის ოდენობაც 10 000 ლარს შეადგენს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს.
