ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ბოლო ორი წლის 2014 და 2015 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა.
ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2014-იდან 2015 წლის ჩათვლით;
- წიგნი უნდა წარადგინოს ან გამომცემლობამ, ან – ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს;
- განაცხადის შემოტანა შეიძლება 2016 წლის 5 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი;
- გამარჯვებული გამოცხადდება 2016 წლის მაისში;
- გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია, რომლის ოდენობაც 10 000 ლარს შეადგენს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს.
